ორსულებისთვის
საკეისრო კვეთის გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე
მშობიარობის დაწყებას განაპირობებს მუცლადმყოფი ნაყოფი, რომელიც დედის ორგანიზმში გამოყოფილი ჰორმონის ზემოქმედებით უკვე მზადა არის დაბადებისთვის. შესაბამისად, გეგმიური საკეისრო კვეთა ტარდება მოუმზადებელ ნაყოფზე, რადგან ამ დროს სამშობიარო მოქმედება ჯერ კიდევ არ არის ინიცირებული. ამასთანავე, ბუნებრივი გზით მშობიარობისას ბავშვის ფილტვებიდან გამოიყოფა სითხე, რაც დაბადების შემდეგ მისი ნორმალური სუნთქვის საწინდარია.
გამომდინარე აქედან, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ახალშობილებში იზრდება სასუნთქი ორგანოების დაავადებების, განსაკუთრებით რესპირატორული დისტრეს სინდრომის სიხშირე.
ამავდროულად, სამშობიარო არხში გავლისას ბავშვს კონტაქტი აქვს საშოში არსებულ იმუნომასტიმულირებელ ბაქტერიებთან, რაც ხელს უწყობს იმუნური დაცვის მექანიზმის გამომუშავებას. საკეისრო კვეთით მშობიარობისას ბავშვი ამ შესაძლებლობას მოკლებულია.
გარდა ამისა, ოპერაციის დროს დედისათვის პროფილაქტიკის მიზნით დანიშნული ანტიბიოტიკები აბრკოლებენ ნაყოფში ნორმალური ნაწლავური ფლორის კოლონიზაციას, რითაც შეიძლება აიხსნას ასეთ ბავშვებში ინფექციური და ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის, ასთმის, დიაბეტისა და ალერგიული რინიტის, გაზრდილი რისკი.