ორსულებისთვის

რა განაპირობებს გემოვნების ცვლილებას ორსულობის დროს?
ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის ნორმალური წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას რაციონალური კვება წარმოადგენს.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ორსულთა 38-70 %-ს გემოვნების ცვლილება აღენიშნებათ, რაც ზოგიერთი საკვების გემოს არჩევით სიძულვილსა ან სიყვარულში გამოიხატება. ეს სავსებით ნორმალურია, თუმცა მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სწორი კვების რაციონი, რადგან ის უდიდეს როლს ასრულებს ანემიის, ორსულთა ტოქსიკოზის, ნაყოფის ჰიპოქსიის, სამშობიარო მოქმედებების ანომალიებისა და სხვა გართულებათა პროფილაქტიკაში. ორსულობის I ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება.
ორსულობის პერიოდში გარკვეული საკვების სიძულვილი, ან პირიქით, დაუოკებელი სურვილი - ფიზიოლოგიური ორსულობის ერთ-ერთ ადრეულ ნიშანს წარმოადგენს. ზოგიერთი სახის პროდუქტი ორსულებში მეტი პოპულარობით სარგებლობს.
ორსულთა 40 %-ს აკვიატებული აქვს ტკბილეული, 33%-ს კი მარილიან პროდუქტზე აქვს მოთხოვნილება. ქალების 17%-ს ცხარე საკვები , 10%-ს კი ციტრუსების, ვაშლისა და სხვა მჟავე ხილის მირთმევის სურვილი აქვს. რაც შეეხება პროდუქტებს რომლის მიმართაც აღენიშნებათ ნეგატიური განწყობა, ძირითადად მიეკუთვნება ხორცეული, ბოსტნეული და რძის პროდუქტები.
რა განაპირობებს გემოვნების ცვლილებას ორსულობის დროს?
მრავალი მოსაზრება არსებობს, თუ რა იწვევს გემოვნების ცვლილებას ორსულობის დროს, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია.
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ეს დედისა და ნაყოფის დაცვით მექანიზმს წარმოადგენს. გულისრევა, ღებინება, ცალკეული საკვების მიმართ სიძულვილი, გემოვნების ორგანოებში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და ანატომიური ცვლილებებთან ერთად, განაპირობებს ისეთი საკვების მიღებისგან თავის არიდებას, რომლებიც შესაძლოა ტერატოგენული (ნაყოფისთვის საზიანო) აღმოჩნდეს.
არსებობს ასევე ჰიპოთეზა, რომ სხვადასხვა საკვების მიმართ სიძულვილი, ორსულს იცავს ისეთი საკვების მიღებისგან,რომელიც დედის მეტაბოლურ სინდრომს და/ან გესტაციური დიაბეტს გამოიწვევს და პირიქით აკვიატებული სურვილი ცალკეული საკვების მიმართ, ორგანიზმს ავსებს დეფიციტური ელემენტებით.
ეს მხოლოდ ვარაუდია და ძირითად გამომწვევ მიზეზად ორგანიზმში, ორსულობით განპირობებული ჰორმონალური ცვლილებები ითვლება. კერძოდ სისხლში ქორიონალური გონადოტროპინის რაოდენობის მატება, რომელიც პიკს ორსულობის მე-12 კვირაზე აღწევს. ასევე მნიშვნელოვანია ესტროგენი, პროგესტერონი, ლეპტინი და სხვა.
თუ ორსულს აღენიშნება გაუკუღმართებული მადა, იკვებება ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც საკვებად არ გამოიყენება - მიწით, ცარცით, ყინულით და სხვა, ეს მიკროელემენტების კერძოდ რკინის დეფიციტზე მიანიშნებს და აუცილებელია მიმართოს ექიმს.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ გაუკუღმართებული მადის მქონე ქალთა ნაწილს, რკინის დეფიციტი არ აღენიშნება.
ორსულობის მეორე ტრიმესტრში 3000 ქალს ჩაუტარდა კვლევა, რომლის თანახმად 4% -ს აღენიშნებოდა გაუკუღმართებული მადა. რკინადეფიციტური ანემიის სიხშირე გაუკუღმართებული მადის მქონე ქალებში შეადგენდა 15 %-ს, ასევე 35 კვირის ვადამდე ნაადრევი სამშობიარო მოქმედების დაწყების რისკი ორჯერ იყო გაზრდილი ამ ჯგუფში.
მიუხედავად გემოვნების ცვლილებისა,საჭიროა ორსულმა მიიღოს ადეკვატური საკვები ელემენტები და შეინარჩუნოს წონის მაჩვენებელი ნორმლის ფარგლებში. (რათა თავიდან ავიცილოთ ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი).
ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ნებისმიერ დროს, მაგრამ ორსულობის დროს სწორ კვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბავშვის სწორად განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ორსულმა უნდა დაიცვას კვებითი პირამიდის პრინციპი. მის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება პური, მარცვლეული, ბურღულეული, მაკარონი. ეს პირამიდის საფუძველია. ხილი და ბოსტნეული მომდევნო საფეხურზეა განლაგებული. მესამე დონეზე ანუ შედარებით მცირე რაოდენობით წარმოდგენილია რძის ნაწარმი, ხორცი და პარკოსნები, კვერცხი და კაკალი. პირამიდის წვერზეა ცხიმი (ზეთი), ტკბილეული. მათი მიღება რეკომენდებულია მცირე რაოდენობით.