ორსულებისთვის

გინგივიტი და ორსულობა
ორსულთა გინგივიტი
თუკი კბილების გამოხეხვის დროს ჯაგრისზე სისხლის წვეთი გაჩნდა ან კბილის პასტის ქაფი მოვარდისფროდ შეიფერა, უნდა ვიფიქროთ, რომ ღრძილებიდან სისხლდენა დაიწყო. სტომატოლოგები ამას ორსულთა გინგივიტს უწოდებენ. ეს არცთუ იშვიათი პათოლოგიაა და, როგორც წესი, ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრებითაა განპირობებული.
ორსულთა გინგივიტის კლინიკური სურათი კბილის ნადებით გამოწვეული გინგივიტისას ჰგავს, თუმცა უფრო მცირე რაოდენობის ნადების ფონზე ვითარდება. ღრძილი შესაძლოა შეშუპდეს, მიიღოს მუქი წითელი ფერი, ბოლქვისებური გაუხდეს დვრილები.
ანთების ნიშნები, ღრძილის შეშუპება, სისხლდენა და ჰიპერემია (ღრძილების შეწითლება), ორსულობის მესამე ან მეოთხე თვიდან უფრო თვალსაჩინო ხდება, პიკს აღწევს მერვე თვეს, მეცხრე თვიდან კლებას იწყებს, მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ კი ღრძილის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ ნორმას უბრუნდება.
რათა თავიდან აიცილოთ ღრძილებთან დაკავშირებული ყოველგვარი პრობლემა, საჭიროა, პროფილაქტიკის მიზნით სტომატოლოგს ეწვიოთ - იგი იოლად გაგისუფთავებთ პირის ღრუს კბილის ნადებისგან, ე.წ. ქვებისგან, და არასასურველი მიკრობებისგან. შესაძლოა, სისხლდენისგან, უბრალოდ, ჯაგრისის გამოცვლამაც გიხსნათ.
პირის ღრუს, განსაკუთრებით კი ღრძილების მოსავლელად გამოგადგებათ მცენარეული სავლები (გვირილის, სალბის, კალენდულას, მენთოლის). ისინი სასარგებლოა ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფის დროსაც, რაც ორსულობისას არცთუ იშვიათია.