ახალშობილებისთვის
მკერდის მოვლა მშობიარობის შემდეგ
მკერდის მოვლა
მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა ქალი ძუძუთი კვებოს ახალშობილი, მშობიარობიდან მე-2, მე-3 დღეს (განსაკუთრებით კი, როდესაც ბავშვი დიდხანს არ მოჰყავთ ძუძუთი კვებისთვის) მოსალოდნელია სარძევე ჯირკვლების გამაგრება, რაც რძის შეგუბებითაა გამოწვეული. ამ დროს ქალს აქვს მკერდში სისავსის შეგრძნება და ტკივილი. ასეთმა შეგუბებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულება – სარძევე ჯირკვლის ანთება. გამაგრებული ძუძუთი გამოწვეული დისკომფორტის მოხსნა სხვადასხვაგვარად ხდება ძუძუთი და ხელოვნური კვების დროს.
სარძევე ჯირკვლის რძისგან დაცლა ამცირებს სისავსის შეგრძნებას და ასტიმულირებს შესაბამისი რაოდენობის რძის პროდუქციას. ძუძუთი კვების დროს, თუ შესაძლებელია, ბავშვი დაიჭირეთ ისე, რომ მისი ნიკაპი ედებოდეს გამაგრებულ უბანს. ასევე სასარგებლოა თბილი კომპრესები ან თბილი შხაპი. შესაბამისი ზომის ბუნებრივი ქსოვილის ბიუსჰალტერი უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს. როგორც წესი, მომდევნო მშობიარობების შემდეგ სარძევე ჯირკვლის გამაგრება უფრო იშვიათია.
თუ ბავშვი ხელოვნურად იკვებება, უნდა მოერიდოთ მკერდის სტიმულირებას ნებისმიერი გზით, რომ არ მოხდეს რძის ჭარბად გამომუშავება. ამიტომ ამ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი სარძევე ჯირკვლების გამოწველა. დისკომფორტის შემცირება შესაძლებელია კვების წინ თბილი საფენის, ხოლო კვების შედეგ ცივი საფენის დადებით. დღისა და ღამის პერიოდში ერთი-ორი კვირის განმავლობაში გამოიყენეთ მჭიდრო ბიუსჰალტერი.
მშობიარობის შემდეგ პირველი კვირის განმავლობაში, ბავშვის ძუძუზე არასწორი მოჭიდების შემთხვევაში, ძუძუს კერტებზე შესაძლებელია გაჩნდეს ნახეთქები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროული პროფილაქტიკა. ბავშვის სწორად კვება დაიცავს კერტებს დაზიანებისაგან. არ შეიძლება საპნის ან სხვა ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება კერტებზე წასასმელად, რადგან ამან შეიძლება მეტისმეტად გამოაშროს და უფრო მეტად დააზიანოს ისინი. დედის რძეს თავისი შემცველობის წყალობით აქვს დაზიანებული ქსოვილის მოშუშების უნარი, ამიტომ ყოველი კვების შემდეგ წაისვით გამოწველილი რძის მცირე რაოდენობა და გაიშრეთ ჰაერზე. ნახეთქებისათვის რძე საუკეთესო წამალია. შეიძლება გესიამოვნოთ თბილი ჰაერიც. თუ კერტების ტკივილი ძლიერია და გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.