ორსულებისთვის
სახის გამაახალგაზრდავებელი ოპერაციები გაგუას კლინიკაში
პლასტიკური ქირურგიით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. რა შესაძლებლობებს გვაძლევს სახის პლასტიკური ოპერაციები, რას ველით და რა შედეგები გვაქვს ამ ოპერაციების შემდეგ - ამ საკითხებზე გვესაუბრება „გაგუას კლინიკის“ პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნონა კიკორია:
- სახის პლასტიკის რა ოპერაციები ტარდება თქვენს კლინიკაში და ყველაზე ხშირად რომელი ოპერაციისთვის მოგმართავენ პაციენტები?
- ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველანაირი გამაახალგაზრდავებელი პლასტიკური ოპერაცია სახის კანზე: ზედა და ქვედა ბლეფაროპლასტიკა, შუბლის დაჭიმვა, სახის და კისრის დაჭიმვა, კანის როგორც ზედაპირული, ასევე ღრმა - SMAS
პლასტიკით. დღეისათვის, პაციენტებში სახისა და კისრის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ეფექტური ოპერაციაა სახის ღრმა ლიფტინგი SMAS პლასტიკით. ამ ოპერაციის პოპულარობა განპირობებულია გამოხატული გამაახალგაზრდავებელი ეფექტით და გრძელვადიანი შედეგით.
- სახის კანის დაჭიმვა რა შედეგებს გვაძლევს, რა ასაკიდან ტარდება ეს ოპერაცია?
- სახის დაჭიმვა SMAS პლასტიკით საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ ქსოვილების თანაბარ გადანაწილებას და სახისა და კისრის კანის ხარისხიან დაჭიმვას, ასევე, სახის ოვალის მოდელირებას, ყელ-ნიკაპის კარგი კუთხის შექმნას, მოვახდინოთ ლოყების და ტუჩის კუთხეების დაშვების კორექცია. ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ცალ-ცალკე, ასევე სახის გამაახალგაზრდავებელ სხვა მეთოდებთან ერთად. ძნელი სათქმელია, რა ასაკში უნდა გაკეთდეს გამაახალგაზრდავებელი ოპერაცია, რადგან ოპერაციის საჭიროება დამოკიდებულია სახის ქსოვილების მდგომარეობასა და კანის ელასტიკურობაზე. 40 წლამდე კეთდება ცალკეული ოპერაციები, როგორიცაა ზედა და ქვედა ბლეფაროპლასტიკა, ასევე ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ ხშირად ხდება საჭირო სახისა და კისრის დაჭიმვა, წონის მასიური კლების გამო.
- შეიძლება თუ არა დაჭიმვა სახის ცალკეულ სეგმენტზე ჩატარდეს და ჩანს თუ არა ნაწიბური ოპერაციის შემდეგ?
- სახე პირობითად იყოფა სამ ნაწილად: ზედა, შუა და ქვედა ნაწილებად და შესაძლებელია ცალკეულ ნაწილებში არსებული ცვლილებების კორექტირება, მაგრამ სახის ჰარმონიზაციის შესანარჩუნებლად ეს იშვიათად კეთდება. განაკვეთის ხაზი და ნაწიბურის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია სახის ესთეტიკურ ქირურგიაში. ამიტომ განაკვეთები იგეგმება ბუნებრივი ნაკეცების მიდამოში, ქსოვილის მინიმალური დაჭიმვით.
- თვალის ირგვლივ არე განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ასაკობრივი ცვლილებების მიმართ. როგორ ტარდება ქუთუთოების პლასტიკა, რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაცია?
- ბლეფაროპლასტიკა ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა, რომელიც აშორებს კანის ჭარბ ნაკეცებს ქუთუთოებზე, ცხიმოვან თიაქრებს. ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი გაცილებით მოკლეა, ვიდრე სახის ლიფტინგის შემდეგ.
- დაშვებული წარბის აწევის ოპერაციაზეც გვესაუბრეთ - საინტერესოა, ოპერაციით მიღებული შედეგი რამდენ ხანს გასტანს?
- წარბების დაწევა გამოწვეულია არა მხოლოდ ქუთუთოებზე ჭარბი კანის არსებობით, არამედ შუბლის ქსოვილების დაწევით. ამიტომ ასეთი ცვლილებების აღმოფხვრა ხდება ინდივიდუალურად - ლოკალურად იჭიმება წარბის ან შუბლის ქსოვილი.
- ყურის ნიჟარის პლასტიკას ალბათ ადრეულ ასაკშიც მიმართავენ სასურველი ფორმების მისაღებად - არის თუ არა შესაძლებელი, ოპერაციამდე განისაზღვროს, როგორი იქნება პლასტიკური ჩარევის შემდეგ მიღებული ფორმა?
- ოტოპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს 12-13 წლიდან. კონსულტაციაზე პლასტიკური ქირურგი განიხილავს ოპერაციის, რეაბილიტაციის ყველა დეტალს, ოპერაციის შედეგებს.
- რას ურჩევთ თქვენს პოტენციურ პაციენტებს, როგორც პლასტიკური ქირურგი?
- პლასტიკური ქირურგი, პირველ რიგში, ექიმია და პაციენტი, პირველ რიგში, ექიმთან მიდის! სპეციალისტთან ნებისმიერი მკურნალობა იწყება გასაუბრებით და პლასტიკური ქირურგი არ არის გამონაკლისი. როცა ჩემთან მოდიხართ, მე გისმენთ, ვაგროვებ ანამნეზს, გსინჯავთ, რათა წინასწარ განვსაზღვრო ქირურგიული ჩარევის მოცულობა. თუ ოპერაციის ჩვენება ნამდვილად არის, ვატარებ აუცილებელ კვლევებს და შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას, როგორი უნდა იყოს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. ყოველთვის არ არის ისე, რომ თქვენი ვიზიტი პლასტიკურ ქირურგთან აუცილებლად ოპერაციით დასრულდება.