ორსულებისთვის
სისხლის კოაგულოგრამა
ანალიზისას იზომება სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.
ანალიზი არ ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს. ანალიზის ჩატარების საჭიროება გამოიკვეთება ექიმის მიერ, თუ:
ორსულ ქალს ორსულობამდე აღენიშნებოდა სისხლის შედედების ფუნქციის მატება და ვენების ვარიკოზული დაავადებები (მათ შორის ბუასილი) და ღვიძლის დაავადებები;
ორსული ქალი ორსულობამდე იღებდა ჰორმონულ კონტრაცეპტივებს ხანგრძლივად (6 თვე და მეტხანს);
ორსულ ქალს წინა ორსულობისას ჰქონდა თრომბოფილიები (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი), პლაცენტის ინფარქტი ან ნაადრევი აცლა, მკვდრადშობადობა, ნაადრევი აბორტი;
ორსულ ქალს ამ ორსულობისას გამოუვლინდა ჰიპერკოაგულაციაზე მიმანიშნებელი სიმპტომატიკა - გაჩნდა ვენების ვარიკოზი, ბუასილი, ჰიპერტენზია (მაღალი წნევა);
ორსულ ქალს ამ ორსულობისას აღენიშნება გართულებები:
რომელთა განმაპირობებელი მიზეზი ხშირად ჰიპერკოაგულაციაა - ფეტო-პლაცენტური უკმარისობა და ჰიპოქსია (სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა დაბალია, დოპლეროგრაფიული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში არაა),
რომლებიც მეორადად იწვევენ ჰიპერკოაგულაციას - ორსულთა ანემია, გესტაციური დიაბეტი;
ორსულ ქალს ჰიპერკოაგულაციის გამო უკვე ჩაუტარდა ანტიკოაგულაციური თერაპია და ახლა მცირე ტრამვებზე აღენიშნება გახანგრძლივებული სისხლდენა.
კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს დროულად მოახდინოს დიაგნოსტიკა თუ რამდენად ბლანტია ორსულის სისხლი, ხომ არ არის საშიშროვება გაჩნდეს თრომბები, გადაიკეტოს სისხლძარღვები (განსაკუთრებით პლაცენტის) და გაიზარდოს ნაყოფის ჰიპოქსიის და/ან განვითარების შეფერხების რისკი.