ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

საშარდე სისტემა და ორსულობა

საშარდე სისტემა და ორსულობა

ფეხმძიმობის დროს თირკმლებს, ისევე, როგორც ორგანოთა უმრავლესობას, ორმაგი დატვირთვით უხდება მუშაობა: ისინი არა მარტო ქალს, არამედ ნაყოფსაც ემსახურება.
მეორე და მესამე ტრიმესტრებში (ბოლო ექვსი თვის მანძილზე) თირკმლის კაპილარებში ფილტრაციის პროცესი ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს, ხოლო მილაკებში უკუშეწოვა ჩვეული რიტმით გრძელდება. ყოველივე ამის შედეგად ქალის ორგანიზმში სითხე ჭარბად კავდება, რასაც ორსულობის მიწურულს ქვედა კიდურების უმნიშვნელო შეშუპება მოჰყვება. შესაძლოა, ამ დროისთვის სხეულში შეკავებული სითხის მოცულობამ 7 ლიტრამდე მიაღწიოს.
ფეხმძიმობის დროს გადიდებული საშვილოსნო შარდის ბუშტს აწვება, რაც მოშარდვის სურვილის გახშირებას იწვევს. ზოგჯერ ამგვარი ცვლილება ფეხმძიმობის პირველივე ტრიმესტრიდან ხდება შესამჩნევი.შესამჩნევად გაზრდილი საშვილოსნოს ზეწოლის გამო შარდის ბუშტის ფუძე ზემოთ იწყებს ანაცვლებას, რასაც შარდსაწვეთების უმნიშვნელო დაჭიმვა და დაგრძელება მოჰყვება.
არის შემთხვევები, როდესაც საშვილოსნო შარდსაწვეთებზეც ახდენს ზემოქმედებას, რაც თირკმელებიდან შარდის ჩამოდინებას აბრკოლებს. სპეციალისტთა დაკვირვებით, უმეტესად მარჯვენა შარდსაწვეთი იჩაგრება, ვინაიდან ფეხმძიმობისას საშვილოსნო ხშირად უმნიშვნელოდ ტრიალდება მარჯვნივ.
ცნობილია, რომ ორსულობისას ორგანიზმის ჰორმონული ფონი საგრძნობლად იცვლება.

ამ გარდაქმნების გამო შარდსადენი მილი და შარდსაწვეთები ფართოვდება , ამის შედეგად მავნე მიკროორგანიზმები უფრო იოლად აღწევენ მილაკებში, ამიტომაც ორსულებს მაღალი აქვთ შარდგამომყოფი ორგანოების მწვავე ინფექციური პათოლოგიების აღმოცენებისა და ქრონიკული შემთხვევების გამწვავების რისკი.
შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიებს შორის ორსულები ყველაზე ხშირად პიელონეფრიტი ემართებათ. ამ დროს აღმავალი გზით (შარდსადენი მილიდან, რომელიც ქალებს მამაკაცებთან შედარებით ისედაც მოკლე და განიერი აქვთ) მიკროორგანიზმები იოლად აღწევენ თირკმლის გაფართოებულ ნაწილში –  ფიალებში, იქ იბუდებენ და ანთებით პროცესს უდებენ სათავეს. 
სხეულის ტემპერატურის მატება, ტკივილი წელის არეში, დისკომფორტი, წვის შეგრძნება შარდვის დროს (თუმცა ეს სიმპტომი ყოველთვის არ იჩენს თავს) საშარდე სისტემის ინფექციურ (ბაქტერიულ)  პათოლოგიაზე მიგვანიშნებს. თუ ორსული მსგავსმა ჩივილებმა შეაწუხა, უთუოდ ექიმს უნდა ეწვიოს.

 შარდის გამომყოფი ორგანოების ინფექციებისგან თავდაცვა, უდავოა, ყველას სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მაინც ორსულებს მართებთ, ამიტომ გირჩევთ:
. რეგულარულად დაიცალოთ შარდის ბუშტი – საჭირო ოთახს ყოველი საჭიროებისას მიაკითხოთ.
. მიიღოთ მეტი სითხე. ამგვარი ტაქტიკა შარდის ოდენობას გაზრდის და შარდის ბუშტის ბაქტერიებისგან უფრო სწრაფ გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. თუ შეშუპება გაწუხებთ, დაეკითხეთ ექიმს, დასაშვებია თუ არა თქვენთვის სითხის ჭარბად მიღება.
. ერიდოთ მწარე, მჟავე, სუნელებით შეზავებულ კერძებს. მწნილი, მარინადი, ალკოჰოლი მხოლოდ კუჭის ლორწოვანს როდი აღიზიანებს – ეს პროდუქტები შარდის ბუშტსაც ვნებს. 
. მაქსიმალურად დაიცვათ სისუფთავე. ინტიმურ ადგილებს ყოველდღე სჭირდება დაბანა. გაითვალისწინეთ, რომ საპონი ლორწოვანს აშრობს და აღიზიანებს, ამიტომაც სჯობს, უპირატესობა სპეციალურ ინტიმურ გელს მიანიჭოთ, მით უმეტეს, თუ ჰიგიენის ეს საშუალება სპეციალურად ორსულებისთვის არის შექმნილი.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">