ორსულებისთვის
გაუტკივარება
სამშობიარო ტკივილი ორი ტიპისაა. პირველი წარმოიშობა მაშინ, როდესაც საშვილოსნო – შეკუმშვას, ხოლო ყელი გახსნას იწყებს. ამ დროს ტკივილი უმეტესად ყრუა და გავა-წელის მიდამოში ვრცელდება.
მეორე ტიპის ტკივილი მშობიარობის ბოლოს იჩენს თავს და სამშობიარო გზებში ნაყოფის გავლისას ქსოვილების დაჭიმვას უკავშირდება. შეგრძნება ძლიერია და საშოს, სწორი ნაწლავისა და შორისის მიდამოს მოიცავს.
ტკივილის შესამსუბუქებლად ორი სახის მედიკამენტებს იყენებენ: ანალგეტიკებსა და ანესთეტიკებს. ანალგეზია ტკივილის გაყუჩებას ნიშნავს, ხოლო ანესთეზია – მგრძნობელობის (მათ შორის – მტკივნეული შეგრძნების) გაქრობას. ქირურგიული მანიპულაციების დროს საანესთეზიო საშუალებას იყენებენ, თუმცა მასთან ერთად შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელიც გამოგვადგეს.
ტკივილის გაყუჩება სხვადასხვა გზით – ზოგადი, რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარების საშუალებით ხდება.
ზოგადი ანესთეზია ანუ ნარკოზი უპირატესად საკეისრო კვეთის დროს კეთდება. ამ დროს მშობიარე იძინებს და მხოლოდ მას შემდეგ ახელს თვალს, რაც მისი პაწია ქვეყნიერებას მოევლინება. ზოგადი გაუტკივარება ინტუბაციით (სასუნთქ გზებში სპეციალური მილის ჩადგმით) ხდება. ნუ შეშინდებით, მილის ჩადგმამდე ქალს აძინებენ (საამისოდ ვენაში საძილე საშუალება შეჰყავთ). გართულებები – ბონქოსპაზმი, საკვების ასპირაცია (კუჭიდან საკვები სასუნთქ გზებში და საბოლოოდ ფილტვებში ხვდება) და სუნთქვის გაჩერება – მოსალოდნელია, თუმცა იშვიათად.
რეგიონული ანესთეზიიის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი ეპიდურული გაუტკივარებაა.
ეპიდურული გაუტკივარება ტარდება როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის დროს. ტექნიკურად ეს პროცესი არცთუ ისე რთულია: მშობიარე გვერდზე წვება ან ჯდება და ოდნავ წინ იხრება. წელის ქვედა ნაწილში ექიმი კანს საანესთეზიო საშუალებით ამუშავებს, შემდეგ კანქვეშ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი შეჰყავს და მხოლოდ ამის შემდეგ შედის სპეციალური შპრიცით ღრმად, ხერხემლის ეპიდურულ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ ანესთეზიის ამ ფორმას ბევრი (თავისთავად, მედიცინისგან შორს მდგომი) ადამიანი ეჭვის თვალით უყურებს, აქაოდა ზურგის ტვინი არ დაზიანდესო, ფაქტია, ასეთი რამ არ ხდება და აი, რატომ: ეპიდურული სივრცე, სადაც შპრიცი შეჰყავთ, ზურგის ტვინის დამცავი მაგარი გარსის გარეთ მდებარეობს.
შპრიცის შეყვანის შემდეგ ეპიდურულ სივრცეში იდგმება კათეტერი, საიდანაც მასში ტკივილგამაყუჩებელი საშუალება შედის. ანესთეტიკი მოქმედებას 10-20 წუთის შემდეგ იწყებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საანესთეზიო საშუალება დამატება.
გაცილებით სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს სპინალურ ანესთეზიას. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, საანესთეზიო საშუალება ეპიდურულ სივრცეზე გაცილებით ღრმად – სპინალურ სივრცეში, ზურგის ტვინის მფარავი მაგარი გარსის შიგნით ხვდება, ამიტომ ტკივილი უმალვე ყუჩდება თუმცა ეფექტი მხოლოდ ერთ-ორ საათს თუ გასტანს. მედიკამენტის დოზაც ეპიდურულთან შედარებით მცირეა.
სპინალურ ანესთეზიას სწრაფი ეფექტის გამო მეტწილად უშუალოდ სამშობიარო ტკივილების დასათრგუნავად იყენებენ, თუმცა საკეისრო კვეთის დროსაც ხშირად მიმართავენ.
ზოგჯერ მხოლოდ მცირე უბნის გაყუჩებაა საჭირო. საამისოდ ტკივილგამაყუჩებელი ადგილობრივად შეჰყავთ. ადგილობრივ ანესთეზიას უმეტესად ეპიზიოტომიის (ჩაჭრის) დროს ან მშობიარობის შემდეგ დაზიანებული ქსოვილების გაკერვისას მიმართავენ. საანესთეზიო ნივთიერების ეფექტი შეყვანისთანავე იჩენს თავს.