ვიზიტზე ჩაწერა

ახალშობილებისთვის

საშარდე სისტემა მშობიარობის შემდეგ

საშარდე სისტემა მშობიარობის შემდეგ

მშობიარობის შემდეგ ორგანიზმი თავისუფლდება ზედმეტი სითხისგან, ამიტომ მოსალოდნელია შარდის რაოდენობის მომატება, თუმცა მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ მოშარდვის დროს. ეს სავსებით მოსალოდნელია, რადგან მენჯის ფსკერმა ახლახან გადაიტანა დიდი ფიზიკური დატვირთვა და ამ მიდამოს დაბუჟების, შეშუპების, შარდის ბუშტის დაქვეითებული მგრძნობელობის, შარდსადინარის სპაზმის, ან მოშარდვისას შორისის დასველების შიშის გამო შეიძლება ვერ დაცალოთ სავსე შარდის ბუშტი.

შარდის ბუშტის სისავსე უარყოფითად მოქმედებს საშვილოსნოს ეფექტური შეკუმშვის უნარზე და თუ იგი არ იქნა დაცლილი მშობიარობის შემდეგ პირველი საათების განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. უნდა ეცადოთ, დროულად დაცალოთ შარდის ბუშტი. წინააღმდეგ შემთხვევაში (განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოშარდეთ მშობიარობიდან პირველი რვა საათის განმავლობაში) სამედიცინო პერსონალი კათეტერის მეშვეობით დაგეხმარებათ.
შარდის ბუშტის დაცლისათვის ეფექტურია მცირე ხნით სიარული, ჩაბანა თბილი წყლით.
იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ მშობიარობის დროს დაზიანდეს შარდის ბუშტი ან შარდსადინარი. იმ შემთხვევაში, თუ შორისის შეხორცების შემდეგაც მოშარდვის დროს აღინიშნება ტკივილი ან წვა, შარდის რაოდენობის შემცირება, ტემპერატურის მომატება, ტკივილი წელის ორივე მხარეს, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციას. ამ დროს უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მოშარდვის გაძნელების გარდა მელოგინეს შესაძლებელია აღენიშნებოდეს უნებლიე შარდვა. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია კეგელის ვარჯიში.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">