Book appointment

Advices before pregnancy

ალტერნატიული მკურნალობის  როლი   რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

ალტერნატიული მკურნალობის როლი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

   

 

  

                                                    ბესარიონ ტყეშელაშვილი 

        მეან-გინეკოლოგი,ასოცირებული პროფესორი და მედიცინის აკადემიური დოქტორი

 

    21-ე საუკუნეში მტკიცებითმა მედიცინამ დაამკვიდრა წესრიგი, ერთიანი მიდგომები (ე.წ პროტოკოლები და გაიდლაინები), რომლებიც ეფუძნებიან მაღალი სანდოობის მეცნიერულ კვლევებს. თუმცა, რიგ შემთხვევაში, და ეს განსაკუთრებით არაქირურგიულ დარგებს ეხებათ, სამკურნალო საშუალებად მოწოდებულია მაღალეფექტური პრეპარატები, რითაც მიიღწევა კლინიკური ეფექტი, მაგრამ დიდია გვერდითი მოვლენების და გართულებების რისკიც,როგორც უახლოეს პერიოდში, ასევე მათი ხანგრძლივი გამოყენების დროს. ხშირია მდგომარეობა,  მაგ. დიაბეტი, სიმსუქნე, შაკიკი, გულ-სისხლძარღვთა და სისხლის შედედების პათოლოგია, სიმსივნეები და/ან მათი განვითარების გენეტიკური რისკი, როდესაც არ არის მიზანშეწონილი ან აკრძალულიც კი, ჰორმონალური და სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება. არის თუ არა ამ დროს გამოსავალი ალტერნატიული მიდგომა, არაქიმიური, არაჰორმონალური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა? ამ და სხვა საკითხებზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ მეან-გინეკოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს,საქართველის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ბორდის წევრს, უროგინეკოლოგიის და კოლპოსკოპიის ასოციაციების დამფუძნებელს , მრავალი სამეცნიერო კვლევის ხელმძღვანელს და ავტორს ბესარიონ ტყეშელაშვილს, რომელიც ამჟამად პრაქტიკულ საქმიანობას გაგუას კლინიკაში ეწევა.

-ბატონო ბესარიონ, შესაძლებელია თუ არა მენსტრუალური ციკლის და ე.წ ჰორმონალური გადახრების გამოსწორება ჰორმონალური პრეპარატების გარეშე?

-დიახ, შესაძლებელია. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, თუ რამ განაპირობა ეს დარღვევა, რაც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია პაციენტის ცხოვრების წესის არასრულფასოვნებით და ორგანიზმის ,,კონსტიტუციური წესრიგის“ დარღვევებით. აქ შედის კვება, ძილი, ფიზიკური აქტივობა, დღის სინათლესთან ურთიერთობის ბიორითმები, მავნე ჩვევები, ნერვული და ფიზიკური  სტრესები და ა.შ. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თუ არ დაუბრუნდება ამ წესრიგს, მაშინ  მას მოუწევს ისეთი მკურნალობის ჩატარება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომლებიც რიგ შემთხვევაში აუარესებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას როგორც ხანმოკლე, ისე შორეულ პერსპექტივაში.

-რა სახის ალტერნატიულ მკურნალობას ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მდგომარეობები?

-სასურველი შედეგი მიიღწევა როგორც ფიტოპრეპარატებით, ისე თანამედროვე, დაბალდოზიანი ჰორმონული, ჰომეოპათიური, ჰომოტოქსიკოლოგიური საშუალებებით, რეფლექსოთერაპიით. გააჩნია მდგომარეობას, რისი შეფასებაც წინ უძღვის მკურნალობის სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავებას. უპირობოდ განიხილება ცხოვრების წესის მოწესრიგება.

-არის თუ არა ცხოვრების წესის დარღვევა გინეკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი?

-რა თქმა უნდა, არის. პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი შეძენილი პათოლოგია, სადაც არ ჰქონდეს გავლენა ცხოვრების წესს, და მისმა ნორმალიზებამ არ მოახდინოს დადებითი გავლენა მკურნალობის შედეგზე. მეცნიერული კვლევები ამასთან დაკავშირებით უამრავია, რომლებიც, სამწუხაროდ, არ არის ჯეროვნად ასახული გაიდლაინ-პროტოკოლებში .40 წლიანი კლინიკური პრაქტიკა და ათეული სამეცნიერო კვლევა მეანობა-გინეკოლოგიაში მაძლევს უფლებას, რომ პაციენტების ზოგადი გაჯანსაღების მისაღწევად უპირობოდ გამოვიყენო  მკაცრი მოთხოვნა მათი ცხოვრების წესის შესაცვლელად. ეს ძალიან რთულია და მოითხოვს პაციენტთან ხანგრძლივ კომუნიკაციას, მაქსიმალურ ემპათიას, განსაკუთრებით პესიმისტურად განწყობილ, წარუმატებელი ხანგრძლივი მკურნალობით დაღლილ და გამოფიტულ პაციენტებში.

-კონკრეტული მაგალითები თუ შეგიძლიათ გვითხრათ?

-ძალზე ბევრი. მენსტრუალური ციკლის დარღვევებზე უკვე ვთქვით. ავიღოთ ის კვლევევბი, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობითაა შესრულებული და გამოქვეყნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის -ამერიკის, გერმანიის, იტალიის, თურქეთის, ჩეხეთის, კოლუმბიის სამეცნიერო ჟურნალებში. მაგალითად, მტკივნეული მენსტრუაცია, მამაკაცური ჰორმონის სიჭარბით გამოწვეული ჭარბთმიანობა, ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობით გართულებული ორსულობა, პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომი, საშვილოსნოს და სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეები და ბოლოს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიები. ამ უკანასკნლეზე სტატია გამოქვეყნდა 2024 წლის ბოლოს აშშ-ს  ,,კლინიკური და მოლეკულური ონკოლოგიის „ ჟურნალში. ყველა შემთხვევაში დგინდება არასათანადო კვების და ძილის მნიშვნელობა როგორც დაავადების განვითარებაში, ისე პროგნოზირებაში და არსებობს შესაბამისი თეორიული ახსნა,  რა მექანიზმით ხდება ამ თუ იმ პათოლოგიის განვითარება. აქ მთავარია მოძებნო რაციონალური გზა და მიიღო სასურველი ეფექტი ხანგრძლივი პერსპექტივით. სასურველ ეფექტში იგულისხმება სიმპტომთა ნაკრების მაქსიმალური განეიტრალება. ამის კლინიკური მაგალითია პრემენსტრუალური დაძაბულობის  სინდრომი, რომელიც საოცარი კლინიკური მრავალფეროვნებითაა ცნობილი. უდიდესია ცხოვრების წესის დარღვევების კორექციის ეფექტი ფიტოპრეპარატებთან ერთად კომბინაციაში , რის შდეგადაც ქრება თავის, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ფსიქო-ემოციური, კოგნიტური დარღვევები.ანალოგიურად, იგივე მიდგომა მუშობს ე.წ. მოურჩენელ ,,ანთებებზე“, დაუმარცხებელ ინფექციებზე  და სხვა.

-რაც შეეხება ორსულობის დროს დედისა და ნაყოფის მხრიდან განვითარებული პრობლემების თავიდან აცილებას.

-სამწუხაროდ, ეს პრობლემა არა მარტო სრული მასშტაბით დგას, არამედ ჯეროვნად არც კი განიხილება ორსულობის დადგომის წინა პერიოდში არც ქალის და არც ექიმის მიერ. ყველას უნდა, რომ ორსულობა მალე დადგეს, მათ შორის ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაშიც. ანუ, რა მოცემულობაც არის დედის მხრივ (კვლევის შედეგები, მენსტრუალური ფუნქცია, სომატური სტატუსი) იმას ერგება სწრაფი დაფეხმძიმების ტაქტიკა. ასეთ დროს დაფეხმძიმება შესაძლოა დადგეს, მაგრამ დიდია ორსულობის შეწყვეტის, ადრეული და გვიანი პრობლემების განვითარება როგორც დედის ისე ნაყოფის  და შემდგომში ახალშობილის მხრივ.

-კონკრეტულად რა უნდა გავითვალისწინოთ ორსულობის წინა მომზადებისას? 

-არაფერი განსაკუთრებული. უნდა ვიცოდეთ რა გვაკლია ან რა გვაქვს ზედმეტი  და გამოვასწოროთ, ანუ საჭიროა სათანადო კვლევები, პაციენტის ყოველდღიური რეჟიმის კორექტირება და სათანადო ღონისძიებების ჩატარება. მხოლოდ ფოლიუმის მჟავა არ არის საკმარისი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დედის კვებას, რომლის არასრულფასოვნებას „ნაყოფის პროგრამირებაში“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ექიმმა ასევე უნდა განსაზღვროს, როდის იქნება მზად ქალბატონი ორსულობისთვის და ამის შემდეგ მისცეს დაფეხმძიმების უფლება. 

_ მამას რა მოეთხოვება?

-პრაქტიკულად იგივე, რაც დედას. აქ ახალი არაფერია: საუბარი ალკოჰოლზე, თამბაქოზე, ძილზე და ა. შ. აღარაფერს ვამბობ ამა თუ იმ დამოკიდებულებაზე. სათანადო გაფართოებული კვლევა საჭიროა განსაკუთრებით წარუმატებელი (შეწყვეტილი) ორსულობის ან უშვილობის დროს.

-ეს ყველაფერი ხელოვნურ განაყოფიერებასაც ეხება?

-რა თქმა უნდა.  ცნობილია, რომ სათანადო მომზადება აუცილებელია როგორც კვერცხუჯრედის  ასევე სპერმატოზოიდის უკეთესი  ხარისხის მისაღწევად. სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერებების გარდა,  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლების კვებით მომზადებას, რაც გულისხმობს ვიტამინების და მინერალების გარდა მაკრონუტრიენტების, განსაკუთრებით ცილების და ცხიმების რაციონალურ გამოყენებას. სასურველი და უფრო მეტიც, საჭიროა ამ პერიოდში მოხდეს წონის კორექცია, ნერვული სისტემის და ძილის მოწესრიგება, სტრესების თავიდან აცილება. ასეთი მომზადების შემდეგ უმჯობესდება დაფეხმძიმების ალბათობა, როგორც სპონტანურად, ასევე ინვიტრო განაყოფიერების დროს და იმავე დროს იზრდება ორსულობის შენარჩუნების შანსებიც.

-ბატონო ბესარიონ, თქვენ ახსენეთ ე.წ. ,,ნაყოფის პროგრამირება“. ხომ ვერ აგვიხსნით ეს რას გულისხმობს?

-ე.წ fetal programming მე-20 საუკუნის ბოლოს გახდა აქტუალური იმასთან დაკავშირებით, რომ აშკარად გამოიკვეთა დედის როლი მომავალი თაობის ჯანმრთელობის  საკითხში. ანუ, მუცლადმყოფ ბავშვზე მოქმედი ფაქტორები განაპირობებენ ნაყოფის მდგომარეობის ცვლილებას არა მარტო ორსულობის დროს, არამედ ჰქმნიან რეალურ საფუძველს ცხოვრების გვიან პერიოდებშიც კი ამა თუ იმ დაავადების განვითერებისთვის. ასეთებად უკვე დადგენილია ჰიპერტონია, საკვერცხეების პოლოკისტოზი, დიაბეტის, აუტიზმის და სხვა ორგანოთა და სისტემათა დაავადების განვითარება. აქაც გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევენ ,პირველ რიგში, დედის არასათანადო კვებას, რაც მუშაობს როგორც დამაზიანებელი ფაქტორი როგორც ჩასახვის წინ და დროს, ასევე მთელი ორსულობის განმავლობაში.

-და ბოლოს, თქვენი რეკომენდაციები ქალბატონებისთვის.

-ის რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, ნამდვილად აქტუალურია მედიცინის ყველა მიმართულებით, განსაკუთებით კი პრევენციულ მედიცინაში. სწორედ დაგეგმილი გაჯანმრთელების პროგრამა არის ყველაზე ეფექტური და იმავე დროს სარგებლის მომტანი ნებისმიერი ადამიანისთვის, მით უმეტეს მომავალი დედებისათვის და მომავალი თაობისთვის. მას მოაქვს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და ცხოვრების მაღალი ხარისხი.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">