Advices before pregnancy
როდის და როგორ უნდა გაიკეთოთ ორსულობის ტესტი?
როდის და როგორ უნდა გაიკეთოთ ორსულობის ტესტი?
რეპროდუქციულ ასაკში სქესობრივად აქტიური ცხოვრების არსებობისას, როდესაც მენსტრუაციის დაწყება რამდენიმე დღით გვიანდება, შესაძლებელია რომ ამის მიზეზი იყოს ორსულობა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუაციის გადაცდენას თან ერთვის ისეთი სიმპტომი ან სიმპტომები, როგორიცაა : საერთო სისუსტე, პირღებინება, გულისრევის შეგრძნება, მკერდის მოცულობის და მგრძნობელობის გაზრდა, გახშირებული შარდვა, მადის ცვლილება და ა.შ.
ორსულობის ტესტი (როგორც შარდის, ასევე სისხლის საშუალებით განსაზღვრული) პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონის - β - hCG - ის აღმოჩენაზეა დაფუძნებული. დღესდღეისობით ყველაზე ფართოდ შარდის ტესტები გამოიყენება, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომია, მარტივი გამოსაყენებელია და დროის მცირე დანახარჯს მოითხოვს. რეკომენდებულია, რომ ორსულობის ტესტი სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ, გამოყენებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ვადა და შეფუთვის მთლიანობა, ასევე წაიკითხეთ ინსტრუქცია. უმჯობესია ტესტი დილას გაიკეთოთ, როდესაც შარდი ნაკლებადაა განზავებული.
ორსულობის ტესტ ჩხირისა და ტესტ კასეტისთვის, შარდის სტერილურ ჭურჭელში შეგროვებაა საჭირო. ტესტ კასეტას მცირე ზომის საწვეთური მოყვება, რომლის საშუალებითაც კასეტაზე მითითებულ ადგილას შარდის 2-3 წვეთი უნდა დააწვეთოთ. რაც შეეხება ტესტ ჩხირს, მას სპეციალური ნიშნული აქვს და ამ ნიშნულამდე უნდა მოათავსოთ შარდში დაახლოებით 30 წამი, შემდგომ კი დაელოდოთ 2-3 წუთი. მხოლოდ ერთი ხაზი, დიდი ალბათობით ორსულობის არ არსებობას ნიშნავს, ხოლო ორი ხაზი - ორსულობას. თუ არც ერთი ხაზი არ გამოჩნდა, ეს ნიშნავს რომ ტესტს დეფექტი აქვს და ახალი უნდა გამოიყენოთ.
რაც შეეხება ორსულობის ჭავლურ და ელექტრონულ ტესტებს, ისინი შარდის ნაკადის ქვეშ უნდა მოათავსოთ. ორსულობის ელექტრონული ტესტების შემთხვევაში პასუხი ეკრანზე სიტყვიერად იწერება, რაც შეეხება ჭავლურ ტესტებს, დადებითი პასუხი ორი ვერტიკალური ხაზის ან (+) – ის სახით შეიძლება გამოიხატოს. ხოლო უარყოფითი - ერთი ვერტიკალური ხაზით ან (-) - ის საშუალებით.
საშინაო ტესტების მგრძნობელობა დამოკიდებულია იმაზე თუ შარდში ჰორმონის რა რაოდენობის განსაზღვრის უნარი აქვს ტესტს. ზოგიერთი მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მათი ტესტის საშუალებით ორსულობის განსაზღვრა მოსალოდნელ მენსტრუაციამდეა შესაძლებელი, თუმცა მეტი სიზუსტისთვის რეკომენდებულია, რომ ტესტი მოსალოდნელი მენსტრუაციის გადაცდენიდან, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გაიკეთოთ.
მართალია შარდის ტესტები საკმაოდ ფართოდ გამოიყენება, მაგრამ მასზე მეტად სენსიტიურია - ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (β - hCG) განსაზღვრა სისხლის საშუალებით. მას შეუძლია, რომ ორსულობა ისეთ ვადაზე დაადასტუროს, როცა შარდის საშუალებით განსაზღვრული ანალიზი უარყოფითია. რაც გულისხმობს იმას, რომ სისხლის ანალიზის საშუალებით, ორსულობის დადასტურება შესაძლებელია განაყოფიერებიდან დაახლოებით 6-8 დღის შემდეგ.