ვიზიტზე ჩაწერა

ახალშობილებისთვის

ბუნებრივი კვება

ბუნებრივი კვება

დედის რძე ახალშობილისა და ჩვილის საუკეთესო საკვებია.
დედის რძე შეიცავს ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას:

  • ცილები
  • ცხიმები
  • ნახშირწყლები
  • ვიტამინები
  • ფერმენტები
  • ანტისხეულები
  • წყალი
  • მინერალები

შობიარობიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში სარძევე ჯირკვალში გამომუშავდება მოყვითალო ფერის სითხეხსენი, რომელიც ახალშობილისათვის საუკეთესო საკვებია. მისი კვებითი ღირებულება მაღალია. იგი იცავს ბავშვს ინფექციებისაგან. უზრუნველყოფს ახალშობილის საჭმლის მომნელებელი სისტემის ზრდასა და მუშაობას. ხსენი, მიუხედავად მცირე მოცულობისა, თავისი კალორიულობით აკმაყოფილებს ახალშობილის კვებით მოთხოვნილებებს როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად.
ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, იშვიათად ხდებიან ავად მცირეა ასთმის, სიმსუქნის, ალერგიის, მუცლის ტკივილების (კოლიკები) განვითარების რისკი. ამასთან, უფრო კარგად ვითარდებიან, ვიდრე შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყველა ბავშვი მხოლოდ ძუძუთი რომ იკვებებოდეს, ყოველ წელიწადს მსოფლიოში დაახლოებით 1,5 მილიონი ჩვილის სიცოცხლე გადარჩებოდა, მილიონობით სხვა ბავშვის ჯანმრთელობა და განვითარება კი ბევრად გაუმჯობესდებოდა.
თითქმის ყველა დედას შეუძლია ბავშვის ძუძუთი კვება. თუკი დედა არ არის დარწმუნებული ძუძუთი კვების უპირატესობაში, საჭიროა, ახლობლებმა, მეუღლემ და ოჯახის წევრებმა დაარწმუნონ იგი ამაში.
დედის რძე სრულად უზრუნველყოფს ბავშვს როგორც საკვები ნივთიერებებით, აგრეთვე სითხით, ამიტომ სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში მას არ ესაჭიროება სხვა საკვების ან სითხის (მათ შორის წყლის) დამატება. ცხელ კლიმატშიც კი დედის რძე სრულად უკმაყოფილებს პატარას სითხის მიღების მოთხოვნილებას. დედის რძე საუკეთესო საკვებია, რომელიც ბავშვმა შეიძლება მიიღოს. ვერც ერთი სხვა საკვები ღირებულებით და მნიშვნელობით ვერ გაუტოლდება დედის რძეს.
ბავშვისათვის დედის რძე იოლი გადასამუშავებელია. ეს ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

პატარა მაშინ იღებს რძეს საკმარისი რაოდენობით, თუ:

  • მას კუჭის მოქმედება აქვს ყოველდღიურად,
  • შესაძლოა ყოველი ჭამის შემდეგაც;
  • შარდავს 6-8-ჯერ დღეში;
  • კვების შემდეგ დაკმაყოფილებულია;
  • წონაში ნამატი საშუალოდ 125-150 გრამია კვირაში.

თუ ზემოთ აღნიშნული პირობები არ კმაყოფილდება,გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • შეიძლება საჭირო იყოს დედის რძით უფრო ხშირი კვება (სულ მცირე 12 კვება 24 საათის განმავლობაში). ბავშვი ძუძუს მინუმუმ 15 წუთი უნდა წოვდეს. მნიშვნელოვანია, სარძევე ჯირკვალი დაიცალოს, რათა ბავშვმა მიიღოს უკანა რძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი კალორიულობით. უკანა რძე უზრუნველყოფს წონაში სწრაფად მატებას. თუ ბავშვს უჭირს ძუძუს დაცლა, გამოიწველეთ რძე და მიეცით კოვზით;
  • ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს დახმარება ძუძუზე სწორად მოჭიდებაში;
  • ბავშვი შეიძლება ავად იყოს და ის უნდა აჩვენოთ ექიმს;
  • წყალმა ან სხვა სითხემ შეიძლება შეამციროს ძუძუდან სათანადო რაოდენობის რძის მიღება. ბავშვს არ უნდა მისცეთ სხვა სითხე და მხოლოდ ძუძუთი უნდა კვებოთ;
  • ექვსი თვის ასაკის ზემოთ უკლებლივ ყველა ბავშვს ესაჭიროება სხვა საკვები და სითხე. ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 2 წელი და ამის შემდეგაც.

ახალშობილ ბავშვს, რამდენადაც შესაძლებელია, ფიზიკური კონტაქტი (კანით-კანთან) უნდა ჰქონდეს დედასთან. თქვენთვის და ბავშვისთვის ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ერთ ოთახში ან ერთ საწოლზე მოთავსდებით. ბავშვს საშუალება უნდა ჰქონდეს, იკვებოს ძუძუთი სურვილის მიხედვით. თუ ბავშვი ძუძუთი კვებას დაბადებისთანავე იწყებს, უფრო მეტი დედის რძე წარმოიქმნება. ეს აგრეთვე ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას, რაც ამცირებს ძლიერი სისხლდენის ან ინფიცირების რისკს.

რჩევების გამოწერა

თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !